წყლის ნაკადულები ბიბლიის მუხლები

ზაქარია 14:8
იმ დღეს ცოცხალი წყლები იდენენ იერუსალიმიდან, ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ და ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზაფხულშიც ასე იქნება და ზამთარშიც.

ესაია 12:3
ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

იერემია 31:9
ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.

იერემია 17:8
წყლის პირას დარგული ხესავით იქნება, წყაროსკენ გაიდგამს ფესვებს და გვალვის დადგომა არ შეაშინებს; ფოთლები ამწვანებული ექნება, გვალვიანი წელიწადი ვერაფერს დააკლებს და ნაყოფი არ გამოელევა.

ფსალმუნები 1:1-3
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

გამოსვლა 17:1-7
მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად. ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: „მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: „რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?” სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: „რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?” და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”. უთხრა უფალმა მოსეს: „გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი. აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ. და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: “არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”

იერემია 2:13
„რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

იერემია 17:13
ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.

იოანეს 4:13-14
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

ფსალმუნები 41:2
ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.

ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

იოანეს 7:37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;

გამოცხადება 21:6
და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.

გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.

იგავნი 25:26
როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.

იაკობის 3:9-11
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა ერთი წყაროს თვალიდან მოედინება ტკბილი და მწარე?

2 პეტრეს 2:17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.

Advertisements