ხილვები და სიზმრები წმინდა წერილში ბიბლიის მუხლები

დაბადება 15:1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”

დაბადება 41:1-7
ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა; და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში. მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას. და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს. კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე. მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი. და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.

დაბადება 46:2
და ელაპარაკა ღამის ხილვაში ღმერთი ისრაელს: „იაკობ! იაკობ!” უპასუხა: „აქა ვარ!”

გამოსვლა 3:2-3
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: „ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. თქვა მოსემ: „მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.

1 მეფეთა 3:1-15
ერთხელ თავის ადგილზე იწვა ყელი, დაბინდული ჰქონდა თვალები და ვეღარ ხედავდა. ღვთის ლამპარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო და იწვა სამუელი უფლის ტაძარში, სადაც ღვთის კიდობანი იდგა. დაუძახა უფალმა სამუელს. უპასუხა: „აქა ვარ!” მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: „მე არ მომიხმიხარ, დაბრუნდი და დაწექი”. წავიდა და დაწვა. კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: „მე არ მომიხმიხარ, შვილო, დაბრუნდი და დაწექი”. არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია. მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს. უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი, დაწექი და თუ დაგიძახებს, უთხარი: ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: „სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: „ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. უთხრა უფალმა სამუელს: „აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს. იმ დღეს ავუსრულებ ყელის ყველაფერს, რაც მისი სახლეულის წინააღმდეგ წარმოვთქვი, თავიდან ბოლომდე. ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა. ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”. და იწვა სამუელი განთიადამდე; მერე კი გააღო უფლის ტაძრის კარი. ეშინოდა ყელისთვის თავისი ხილვის განდობა.

3 მეფეთა 3:4-15
გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე. ღამით სიზმარში უფალი გა­მოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!” უთხრა სოლომონმა: „სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა. შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო. მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?” მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი. უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად! აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის. თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”. გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.

იობი 4:13-16
ღამის ხილვებით ჩაფიქრებულს, როცა ძილქუში ეცემათ ადამიანებს. შიშმა შემიპყრო, ძრწოლა დამეცა და ყველა ძვალი ამიცახცახდა. სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება – ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე:

ესაია 6:1-8
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!” და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”. და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”

ეზეკიელი 1:4-14
ვიხილე: აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი; ელვარებაა მის ირგვლივ, შუაში კი ელვარე ფოლადივით, ცეცხლის შუაგულში. მის შუაგულში ოთხი არსება დავინახე, ადამიანის მსგავსნი იყვნენ ისინი. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. სწორი ფეხები ჰქონდათ, ხოლო ფეხის ტერფები – ხბოს ჩლიქებივით; გაპრიალებული სპილენძივით ბრწყინავდნენ. ოთხივე მხარეს ფრთების ქვეშ ადამიანის ხელები ესხათ; ოთხივეს სახე და ფრთები ჰქონდათ. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, მოძრაობისას სახეს არ აბრუნებდნენ, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მოძრაობდა. მათი სახეების გამომეტყველება კი ასეთი იყო: მარჯვენა მხარეს ოთხივეს ადამიანისა და ლომის სახე ჰქონდა; მარცხენა მხარეს ოთხივეს ხარის სახე ჰქონდა და არწივის სახე ოთხივე მათგანს. ასეთი იყო მათი პირსახე; ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ გაშლილი, ორ-ორი ფრთით ერთმანეთს ეხებოდნენ და ორითაც ტანს იფარავდნენ. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სულს მიჰყავდა; მიდიოდნენ და არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან.

ეზეკიელი 37:1-10
უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე. გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო. მკითხა: „ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: „უფალო ღმერთო, შენ იცი!” მითხრა: „უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით. ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა. შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში. მითხრა: „უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”. ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.

დანიელი 2:28
მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:

ამოსი 7:1-9
ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ. და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა. და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო. ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა ღმერთმა. ასეთი ხილვა მომცა: აჰა, აღმართულ კედელთან იდგა უფალი და შვეული ეჭირა ხელში. მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვუპასუხე: შვეულს. თქვა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ხალხის, ისრაელის შუაგულში და მეტად აღარ დავინდობ. ისაკის მაღლობები გაუკაცურდება, ისრაელის საწმიდრები ნანგრევებად იქცევა, მახვილით აღვდგები იერობყამის სახლზე.

ზაქარია 3:1
დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის.

მათეს 2:12-13
და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.

საქმეები 7:30-32
ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში. გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა: მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.

მათეს 16:9
და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;

საქმეები 18:9
უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.

საქმეები 10:9-17
მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა. მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა. დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე. დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”. მიუგო პეტრემ: „არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”. მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: „რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”. ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი. ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.

2 კორინთელთა 12:1-4
თუმცა არაფერს მარგებს კვეხნა, მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ – არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, – მესამე ცამდე იქნა ატაცებული. და ვიცი ამ კაცის შესახებ – თუმცა სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, – რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს.

Advertisements